EPTA: მომავალ წელს კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

EPTA-ს მიზანია განავითაროს თანამშრომლობა, რომელიც გააუმჯობესებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების პერსონალის უწყვეტ გადამზადებას
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2024 წელს პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპულ გაერთიანებას (EPTA) უხელმძღვანელებს და ექნება შესაძლებლობა ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას, ნათქვამია EPTA-ს განცხადებაში.
EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.
„სასწავლო ცენტრის (საქართველოს იუსტიციის - რედ.) ხედვაა ხელი შეუწყოს სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ხელმძღვანელობს კარგი მმართველობის პრინციპებით, უზრუნველყოფს სამართლებრივ გარემოს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა - 2024 წელს თბილისში EPTA-ს ყოველწლიური რიგით მე-17 კონფერენცია გაიმართება.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მიმდინარე სამართლებრივი რეფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას სასწავლო ინიციატივებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეშვეობით.