თბილისში ე.წ. დიდუბის ხიდი გაიხსნა

დედაქალაქის მერმა ისაუბრა იმაზე, თუ რა სამუშაოები ჩატარდა დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, ხიდის რეაბილიტაცია დაპირებულ ვადაში დასრულდა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია კი 2024 წლის იანვარში დასრულდება.
კალაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში შეიცვალა და მოეწყო სანიაღვრე ცხაურები, ხიდის მდგრადობისთვის მოეწყო ბეტონის გადახურვის ფილა, ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, აღდგა და განახლდა ხიდზე არსებული ლითონის მოაჯირები, რეაბილიტირდა თაღების დაზიანებული უბნები და პარაპეტები, გაიწმინდა და მოპირკეთდა ფილები, საჰაერო სადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა.
გარდა ამისა, მოეწყო გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა LED ლამპიონები და დეკორატიული მინათებები.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გადაადგილება ხიდზე უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.
„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, რომლის შემდეგაც გზის დახაზვის სამუშაოები ჩატარდება. მთლიანობაში წერეთლის გამზირი და შალიკაშვილის სახელობის ხიდი მნიშვნელოვანი სივრცეა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რადგან უმნიშვნელოვანესი დერეფანია", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდებოდა, მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარია.