თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მისამართით გამოთქმული ბრალდება, თითქოს ის აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მფარველობს, უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს ქვეყნის მთლიანი საბანკო სისტემის დისკრედიტაციას, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
ეროვნული ბანკი გამოეხმაურა ბრალდებას, რომელიც გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, რომლის თანახმადაც მარეგულირებელი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დადანაშაულებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების მფარველობაში.
„საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებაში სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაუგებარია, რა აძლევს არასამთავრობო სექტორს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს, მაშინ როდესაც ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„აქედან გამომდინარე, სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია. მით უფრო, ჩვენ არასდროს, განხილვის დონეზეც კი არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მარეგულირებლის განცხადებით, საქართველოს საფინანსო სისტემა ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დადგენილ მოთხოვნებს. მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა, სანქციების აღსრულების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტურია.
„რეგულაციებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მორგებულია არა კონკრეტული პირების ინტერესებს, არამედ ემსახურება სანქციების აღსრულების პროცესის სრულ შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან.
„საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ ზომის გატარებას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია”, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.