თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარულ მსახიობ თენგიზ არჩვაძეს დღეს, 31 ოქტომბერს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა - მსახიობს დიდუბის პანთეონის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენდა მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
თენგიზ არჩვაძე
© Courtesy of Tengiz Archvadze
თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.
1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვისტო“, „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ერთი ცის ქვეშ“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“, და სხვ.
მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.