თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა იწყება

რეფორმის ფარგლებში კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალური მიწის მონაკვეთები სრულიად უფასოდ აიზომება და დარეგისტრირდება, განაცხადა მერმა.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა იწყება – პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის 27,7 ათას მიწის ნაკვეთს შეეხება, იუწყება მერიის პრეს–სამსახური.
თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც თბილისის ცალკეულ რაიონებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის რეალიზაციას ითვალისწინებს. საუბარია მიწის 27 ათასზე მეტ ნაკვეთზე. პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრისთვის დასრულდება.
„შერჩეულ არეალებში პროექტი შეეხება დაახლოებით 27.684 მიწის ნაკვეთს. დედაქალაქში პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესის დაწყების შესახებ საზოგადოებას ევროპის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე მერმა კახა კალაძემ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად განუცხადა. მხარეებმა განიხილეს კონკრეტული დეტალები, რომლებიც თბილისის მერიასა და პროექტის რეალიზაციის გრაფიკს უკავშირდება.
„ამ რეფორმის ფარგლებში სრულებით უფასოდ აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. აღსანიშნავია, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, მიწების მიზანმიმართული მიტაცება მწვავე პრობლემა იყო თბილისში, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მრავალი ნაკვეთი, სადაც საკუთრების უფლების დადგენა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებს სცდება. მისი თქმით, მითითებულ პრობლემებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გადაწყვეტს.
მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია დაიწყება ახალდაბაში, ბეთანიაში, კვესეთში, კიკეთსა და საღორისში. დეკემბერში პროცესში ჩაერთვება წყნეთი, ხოლო 2024 წლის თებერვალში – კოჯორი, აპრილში – ტაბახმელა, შინდისი და წავკისი, ივლისში – ძველი ვეძისი, დიდგორი და დიღომი. მიწის სისტემური რეგისტრაცია ამ დასახლებების ცალკეულ რაიონებში განხორციელდება.
ფასები უძრავ ქონებაზე თბილისში - მონაცემები რაიონების მიხედვით>>
„რეფორმის შედეგად დაცული იქნება როგორც მოქალაქეების, ასევე მუნიციპალიტეტის ინტერესები, შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები და ხელი შეეწყობა უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას...იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიის კოორდინირებული ქმედებებით, მომავალ წელს თბილისში ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული“, – განაცხადა კალაძემ.
იმისთვის, რომ მოქალაქემ გაიგოს, არის თუ არა რეფორმის მონაწილე, უნდა ეწვიოს პლატფორმას - MAPS.GOV.GE და გადაამოწმოს მონაცემები.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელ ქვეყანაში 2022 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2024 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დარეგისტრირდება მხოლოდ შესწორებები რეგისტრაციაში.
2022 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე უცნობია 1 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის მფლობელების ვინაობა.
რატი ბრეგაძე: საქართველოში მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის მფლობელების ვინაობა უცნობია>>
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.