ქართული ღვინის პოპულარიზაციის პლატფორმა: მინისტრი WWTG-ის შეხვედრაზე

WWTG ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ასოციაციაა, რომელშიც შედიან საქართველო, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიური შეხვედრა კარგი პლატფორმაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა მეორედ გახდა (პირველად WWTG-ის ჯგუფს საქართველო 2014 წელს თავმჯდომარეობდა - რედ.), ამიტომაც შეხვედრა ქართველმა მინისტრმა გახსნა. შამუგიამ დამსწრე-საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში მეღვინეობის დარგის მდგომარეობასა და WWTG-ის ჯგუფში საქართველოს წევრობის მნიშვნელობაზე.
„ეს არის კიდევ ერთი კარგი პლატფორმა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად. WWTG-ის წევრებთან ერთად ვმუშაობთ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, სავაჭრო ბარიერებთან მიმართებით ერთობლივიღონისძიებების განხორციელებაზე“, - განაცხადა შამუგიამ.
შეხვედრას საქართველოსთან ერთად, ესწრებოდნენ ჯგუფის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აშშ-დან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ჩილედან, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან.
მიმდინარე წლის მარტში, ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე საქართველოს აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ერთი წლის ვადით აშშ-დან გადმოეცა. თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის1 მაისიდან შეუდგა. WWTG-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოა.
საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე მეორედ გახდა>>>
WWTG ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ასოციაციაა, რომელშიც შედიან საქართველო, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი.
World Wine Trade Group-ის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ყოველწლიურად იცვლება.
ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.
ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ღვინით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მთავრობებს შორის სავაჭრო ხელშეკრულებები, ვაჭრობის მარეგულირებელი დოკუმენტები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაცია, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის ნორმები, ეტიკეტირება, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის არსებული მდგომარეობა, პროდუქციის შეფუთვა, აგროქიმიური პრეპარატები, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) რეზოლუციები, WWTG-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაძლიერება, წარმოშობის სერტიფიკატები, ღვინის დანამატები და ის სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებასთან.
საქართველო WWTG-ს 2014 წელს თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ პერიოდში შეთანხმდა მნიშვნელოვანი საკითხები და შემუშავდა დოკუმენტები, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობას ამარტივებს.
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) მიერ საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდი დადებითად შეფასდა. 2014 წლის აგვისტოში თბილისში გამართულ WWTG-ს პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს– ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ– ორგანიზაციაში დღესაც „თბილისის განცხადება" ეწოდება.
მინისტრმა შამუგიამ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელსაც წარმატებული იქნება საქართველოს თავმჯდომარეობა, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის.