„ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე 16 პირი ამხილა.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს თბილისში, მეტროს სადგურ ,,დელისის“ მიმდებარედ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ორი ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდა, რა დროსაც ბრალდებულებმა მათ აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე არასრულწლოვანს ბრალდება, პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით) ჩადენისთვის წარუდგინა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.