საქართველოს პრემიერმა თურქეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის დღე მიულოცა

საქართველოს მთავრობის მეთაური იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა
Sputnik
როგორთბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.
თურქეთში რესპუბლიკის დღე (Republic Day in Turkey) 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის (Cumhuriyet Turkiye) გამოცხადების აღსანიშნავად იმართება. ამ დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებები შეიტანეს, რომლის შედეგადაც ოსმალეთის იმპერია დაიშალა და თურქეთი რესპუბლიკა გახდა.
„მინდა ეს ისტორიული თარიღი მივულოცო პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს და თურქ ხალხს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თურქეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის საქმეში როგორც სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებს.
„ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნეს თანამშრომლობა, რომელიც თანდათან გადაიზარდა მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ვლინდება ჩვენს დინამიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიულ თანამშრომლობას ავითარებენ>>>
მისი განცხადებით, მრავალი წლის განმავლობაში თურქეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. მიმდინარე წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, რომლის სავაჭრო ბრუნვაც ორ მლრდ დოლარს აღემატება.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს მაჩვენებელი ამ წლის ბოლომდე 3 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც ჩვენს თანამშრომლობაში კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იქნება“,- განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ისე თურქეთი ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ გადამწყვეტ როლს ასრულებენ.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების, არამედ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.