თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკიფ ისმაილოვი დაშავდა, რომელიც რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სხდომაზე მხარეებს შორის დაპირისპირება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში არსებული საჯარო სკოლის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ენმ-ის წევრები იცავდნენ სკოლის ტერიტორიას, რომელსაც მისი განცხადებით, „ადგილობრივი კორუმპირებული, ქურდბაცაცა საკრებულოს წევრები და საკრებულოს თავმჯდომარე მერთან ერთად ასხვისებდნენ“.
„ამ სკოლით ორი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. მინდა ადგილობრივებს მივულოცო და ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახერხეს და შეინარჩუნეს სკოლა… ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს წევრებსს ასე მოექცევა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიის წევრებმა საკრებულოს წინა სხდომაზეც გამოთქვეს პროტესტი და სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მოსახლეობასთან ერთად აქციაც გამართეს.