თბილისი, 31 ოქტომბერი— Sputnik. მთიან აჭარას კიდევ ერთი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი შეემატა, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე საპიკნინე ზონა ღომას მთაზე მდებარეობს, სადაც ფანჩატური, საცეცხლური, საქანელები და ფოტოსტენდებია მოწყობილი.
„საპიკნიკე ზონა მერისი-ღომას მთის ახალ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული. ახალ სივრცეში მოგზაურებს დასვენება, ულამაზესი პანორამული ხედების ნახვა და პიკნიკის მოწყობა შეუძლიათ. ზაფხულობით ღომას იაილებზე ადგილობრივთა საოჯახო სასტუმრო სახლებში განთავსება და კვებაცაა შესაძლებელი“, - აღნიშნავენ უწყებაში.
ღომას მთის საპიკნიკე ინფრასტრუქტურა იმ 10-მდე საპიკნიკე სივრცეს შორისაა, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში მოაწყო.
ახალი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი, რომელიც ქედასა და შუახევს ერთმანეთან აკავშირებს, პირველი გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს.
მათ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, შუახევისა და ქედის მერიის მენეჯმენტთან ერთად ტერიტორიაზე მარადმწვანე მცენარეები დარგეს.
მთიან აჭარაში ამ ეტაპზე, 25-ზე მეტი ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელთა ნახვაც მსურველებს ვებ–გვერდზე შეუძლიათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.