ტყუილად ხომ არ ამბობენ – ყველაფერი გენიალური მარტივიაო, მაგრამ ამ სიმარტივის დანახვაა სწორედ რთული. სიზმარში კი ცნობიერების საზღვრები ფართოვდება და ადამიანს ხელს არაფერი უშლის, რომ თავის ფანტაზიებში „გაილაღოს". ამ სამყაროში არ არის შაბლონები, ჩარჩოები, „შეიძლება" და „არ შეიძლება". იქ ყველაფერი შესაძლებელია. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ადამიანი, როცა გაიღვიძებს, ხედავს, რომ სიზმარში მიღებული გადაწყვეტილება აქტუალურია არა მხოლოდ სიზმარში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.
განა რა უნდა იყოს უბრალო საწერ კალამზე უფრო მარტივი? თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ, მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე სკოლაში მოსწავლეები თავიდან ფეხებამდე მელნით გათხუპნულები დადიოდნენ, არც ისე ადვილი იყო მელნის კალმის მოხმარება და მით უფრო - მისი წაღება სკოლაში და წამოღება.
მწერალი ლასლო იოზეფ ბირო (Bíró László József, 1899-1985) აღშფოთებული იყო იმ დისკომფორტით, რომელსაც, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მელნის კალამი მუდმივად უქმნიდა. ყველაფერი კი 1938 წელს შეიცვალა, როდესაც სიზმარმა უკარნახა, როგორ უნდა შეემსუბუქებინა ცხოვრება თავისთვისაც და სხვებისთვისაც და, ამასთან, სარგებელი ენახა ასეთი გონებამახვილური გამოგონებიდან.
ბიროს დაესიზმრა, თითქოს ხულიგნები მას მუშაობაში უშლიდნენ ხელს და ქუჩიდან პირდაპირ კაბინეტში იჭყიტებოდნენ. გაბრაზებულმა მწერალმა იარაღი აიღო ხელში და დაუპატიჟებელ სტუმრებს ესროლა კიდეც, მაგრამ ლულაში რაღაც ბურთი აღმოჩნდა გაჩხერილი, ხოლო თავად იარაღი – ტყვიის ნაცვლად მელნით დატენილი. ასე რომ, სროლის დროს ტყვიის ნაცვლად მელნის წვრილმა ჭავლმა გამოასხა.
დილით ბიროს ისღა დარჩენოდა, დაეხატა დასიზმრებული მოწყობილობა. ასე გაჩნდა ბურთულიანი კალამი, რომლის მელანიც, ბურთულის წყალობით, ახლა თანაბრად გამოედინება კალმიდან.
ასეთი ღამის სიზმრის შედეგად გაჩნდა საკერავი მანქანაც, უფრო ზუსტად, მისი ნემსი, რომლის გარეშე კერვა, ალბათ, დღემდე ხელით მოგვიწევდა.
საკერავი მანქანის ნემსი
პირველი საკერავი მანქანები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა, მაგრამ მან თავის გამომგონებლებს არაერთი პრობლემა შეუქმნა. პრობლემა საკერავი მანქანის ნემსსაც უკავშირდებოდა – სწრაფად გამოირკვა, რომ ჩვეულებრივი საკერავი ნემსი (ნემსის ყუნწი ზევით) მანქანისთვის არ გამოდგება. ის ხელს უშლიდა მექანიზმს და კონსტრუქტორებს სხვა გადაწყვეტილების ძებნა მოუწიათ.
სამანქანო ნემსების ვარიანტები ხანდახან აბსურდის საზღვრებს სცდებოდა. მაგალითად, 1842 წელს დააპატენტეს ნემსი, რომელსაც წვეტი ორივე ბოლოში ჰქონდა, ხოლო ყუნწი - შუაში. ჩანაფიქრში მანქანას ნემსი სპეციალური პინცეტით უნდა დაეჭირა ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან და მკერავის მოძრაობების მიბაძვით გაეტარებინა ის ქსოვილზე. მაგრამ ეს არცთუ კარგი გამოგონება იყო, რადგან ეს მანქანა უფრო ნელა კერავდა, ვიდრე ადამიანი.
ამერიკელი მექანიკოსი ელიას ჰოუ (Elias Howe, 1819-1867) დიდხანს ასევე უშედეგოდ ცდილობდა ნემსის პრობლემის გადაწყვეტას, სანამ 1844 წელს ღამის კოშმარი არ ესიზმრა. სიზმარში ის კაციჭამიების ტყვეობაში აღმოჩნდა. ისინი ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ, თუ საკერავ მანქანას არ გამოიგონებდა. შიშის მიუხედავად, ჰოუმ ყურადღება მიაქცია ველურების ხელში უცნაურ შუბებს, რომლებსაც ბოლოებზე ხვრელები ჰქონდა. მხოლოდ გაღვიძების შემდეგ გაუნათდა გონება – ნემსის ყუნწი იქვე უნდა ყოფილიყო, სადაც ველურების შუბებს ჰქონდა ხვრელი, დაბოლოებაზე, ქვევით. მას შემდეგ ყველა საკერავ მანქანას სწორედ ასეთი „კაციჭამია" ნემსები აქვს.
ამ სიზმრებს ვერ უწოდებ წინასწარმეტყველურს. ბიროსა და ჰოუს სიზმრებში იყო მხოლოდ მინიშნებები. მათ ადგილზე ადამიანების უმრავლესობა ამ სიზმრებს თავიდან ამოიგდებდა გაღვიძებისთანავე, ამ გამომგონებლებმა კი თავიანთი ზმანება საქმედ აქციეს.
„მკვლელი" წვიმა"
საფანტი – ოვალური, წვეთის ფორმის... როგორიც გინდა, მაგრამ არა – მრგვალი. ასეთი იყო საფანტი მე-18 საუკუნის ბოლომდე, რამაც არცთუ ცოტა პრობლემა შეუქმნა ნადირობის მოყვარულებს. მიუხედავად იმისა, რომ საფანტის წარმოების მრავალი ხერხი არსებობდა, შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, იდეალისგან საკმაოდ შორს იყო.
ეს მანამ გაგრძელდა, სანამ 1782 წელს უილიამ უოტსს, ინგლისელ ზეინკალ-სანტექნიკოსს ესიზმრა ერთი შეხედვით მისი „სველი" პროფესიიდან გამომდინარე სურათი – ციდან მას იდეალურად მრგვალი წყლის წვეთები ეცემოდა. როდესაც მან გაიღვიძა, წყლის წვეთები საფანტს შეადარა და ამ დროს დაინახა საფანტის წარმოების ყველა შეცდომა.
უოტსის სიზმარზე დაფუძნებული გამოგონება იმდენად მარტივად გამოიყურებოდა, რომ ყველას აოგნებდა – როგორ ვერავინ შეძლო აქამდე ამის მოფიქრება? თითქოს ყველაფერი ნათელი იყო: მაღალი სიმაღლიდან მიწისკენ მიმავალი გამდნარი ტყვია თავისთავად იძენს იდეალურად მრგვალ ფორმას. იდეა მაშინვე დაინერგა წარმოებაში და უოტსის წვიმის წვეთები ოქროს წვიმად იქცა – მას სახელი და ქონება მოუტანა.
„ჯავშანი" რკინის დრაკონისთვის
სიზმარზე დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოგონება, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, მე-16 საუკუნეში მოხდა. მან არა მხოლოდ გადაარჩინა გამომგონებლის სიცოცხლე, არამედ საზღვაო ბრძოლის მეცნიერება ბევრად წასწია წინ.
1592 წელს იაპონიის არმია კორეას დაესხა თავს. თავდაპირველად დამპყრობლებს საქმე კარგად მისდიოდათ და ისინი მტრის საზღვაო ფლოტს გეგმაზომიერად ანადგურებდნენ. კორეის მთავარსარდალი, ადმირალი იი სუნშინი ბრძოლას ბრძოლაზე აგებდა, სანამ ერთხელაც სიზმარში ნამდვილი ურჩხული არ ნახა – წყლის კუ დრაკონის თავით. მის სქელ ჯავშანს არ ეშინოდა არც ხმლის, არც ისრის, არც ცეცხლის. პირიდან ცეცხლს აფრქვევდა და მეტოქეს კუდამოძუებულს დევნიდა.
როგორც კი გაიღვიძა, ადმირალმა რამდენიმე ასეთი „ცეცხლის მფრქვევი კუს" აშენების ბრძანება გასცა – გემებისა სქელი მორებისგან, რომლებიც რკინის ჯავშნით იქნებოდა გარედან შემორტყმული. თითოეული გემის ქიმზე, რომელსაც დრაკონის თავის ფორმა ჰქონდა, მისი ბრძანებით ქვემეხი განათავსეს. საოცარია, მაგრამ ასეთი „ჯავშნიანი დრაკონებით" მცირერიცხოვანმა ფლოტმა თითქმის შეუძლებელი შეძლო და მტრის შეტევა მოიგერია.
ისტორიამ ბევრი აღმოჩენა თუ გამოგონება იცის, რომელიც სიზმრის შემდეგ გაკეთდა ან დაიწერა. არის ასეთი გადმოცემა (თუ სინამდვილე), რომ დმიტრი მენდელეევმა თავის პერიოდულობის ცხრილს საბოლოო სახე სწორედ სიზმარში ნანახის შემდეგ მისცა. ასევე ცნობილია შემთხვევები, როდესაც კომპოზიტორები სიზმარში გაგონილ მუსიკას გაღვიძებისთანავე იწერდნენ და მრავალი სხვა.
ასე რომ, შეიძლება უბრალო მოკვდავებიც ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან, „გამომგონებლურ" სიზმრებს, მაგრამ არ ვაკვირდებით და თავშიც არ მოგვდის, რომ რაღაც გენიალური დაგვესიზმრა.