რუსთავის მერიამ საკრებულოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

საკრებულოში ოპოზიციური კოალიცია საკრებულოს მუშაობას აფერხებს რეგლამენტის უხეში დარღვევით, განაცხადა რუსთავის მერმა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის მერიამ ქალაქის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მას მრავალმილიონიანი პროექტების შეფერხებაში დასდო ბრალი. საკრებულოს ოპოზიციური კოალიცია წარმოდგენილია მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრებით, განაცხადა ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის საკრებულო იმ ადგილობრივ სათათბირო ორგანოთა შორისაა, სადაც დეპუტატების უმრავლესობა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად ოპოზიციას წარმოადგენს. რუსთავის საკრებულოში 35 დეპუტატია. აქედან მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 16 ადგილი აქვს, ამდენივე – "ნაციონალურ მოძრაობას“ და კიდევ სამი – პარტიას "საქართველოსთვის".

„როცა ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება, როდესაც რუსთაველების ინტერესები ილახება და ქალაქის განვითარებას გამიზნულად ეშლება ხელი, ვალდებულები ვართ, გამოვიყენოთ ყველა ის კანონიერი ბერკეტი, რომელიც კანონის ფარგლებში მოიყვანს და დააბრუნებს რუსთავის საკრებულოში მყოფ ორ პარტიას, რომლებიც ქალაქის წინააღმდეგ ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს", – განაცხადა ლაცაბიძემ.

მისი თქმით, სარჩელი საკრებულოს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში 27 ოქტომბერს შეიტანეს.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელმა საკრებულომ დაიწყო მუშაობა, ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელი პროექტების დაგეგმვისა და რეალიზაციის პარალელურად რუსთავის მერია სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრების „მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოყვანა შეძლოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს".

„ამ საკითხებზე რუსთავის მერიის გუნდი მუშაობს თვეობით. რუსთაველების ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ თავისი მოვალეობის შესრულება ორი წლის თავზე მაინც დაიწყოს, იძულებული გავხდით, მიგვემართა სასამართლოსთვის", – განაცხადა ლაცაბიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად რუსთავის მერიის მრავალრიცხოვანი მცდელობისა, საჯარო მიმართვებისა და წერილობითი მოთხოვნებისა, „ნაცმოძრაობისა" და „საქართველოსთვის" კოალიცია საკრებულოში აფერხებს საკრებულოს მუშაობას რეგლამენტის უხეში დარღვევით, თვეობით აბრკოლებს კომისიების მუშაობას, არ გადააქვს საკრებულოს სხდომა, არ განიხილავს და დაუსაბუთებლად აბრუნებს უკან ქალაქისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ახალი ინვესტიციების მოზიდვა.
„ნაცმოძრაობა" და გახარიას პარტია რუსთავის განვითარებას აფერხებენ - ქალაქის მერი>>
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე 2022 წლის იანვრის ბოლოდან გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზიაა.
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ალექსანდრე ბერიძე აირჩიეს, მოადგილედ – დეპუტატი პარტიიდან „საქართველოსთვის" ზაზა ჯაიანი.
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.