„ბილბაოსთან" შეხვედრაში მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

11 ტურის შედეგებით „ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მამარდაშვილმა საკუთარი გუნდი ორჯერ გადაარჩინა გოლს, თუმცა „ვალენსიამ“ „ბილბაოსთან“ სტუმრად მოგების შანსი ბოლო წამებზე მაინც გაუშვა ხელიდან – 2:2.
ქართველმა მეკარემ ხუთი დარტყმა მოიგერია. 22-ე წუთზე ინიაკი უილიამსს ულამაზესი ნახტომით აჯობა და 8 წუთში ისევ იგივე ფეხბურთელი დაჯაბნა. მიუხედავად მამარდაშვილის კარგი თამაშისა, „ვალენსიამ" გოლი მაინც გაუშვა – ანგარიში 32-ე წუთზე ოსკარ დე მარკოსმა გახსნა.
მამარდაშვილმა მეორე ტაიმშიც გამოიჩინა თავი. მე-60 წუთზე ბილბაოელების შეტევის დაგვირგვინებას დანი გარსია ცდილობდა, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა. ორ წუთში სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა ფრან პერესმა გოლით დააგვირგვინა, 69-ე წუთზე კი მისი გადაცემით „ვალენსია“ უგო დურომ დააწინაურა.
შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც ვერ მოხერხდა და მატჩის დამატებულ დროში ალექს ბერენგერმა ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
11 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა. ცხრილის სათავეში 28 ქულით „რეალია“.
2021 წლის 7 ივნისს გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდში ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) გადავიდა, მაგრამ ქართველმა კლუბის მენეჯერზე ხოსე ბორდალასზე შთაბეჭდილება მალევე მოახდინა. ეს დაეხმარა მას კლუბის ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.