ბანკირები რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ელოდებიან

განაკვეთის შემცირება კარგი იქნება როგორც ბანკირებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის, განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში არის რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი და ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად სწრაფად მოხდება ეს, განაცხადა „საქართველოს ბანკის" აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ეროვნული ბანკი დიდი ხნის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მიმდინარე წლის მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო და იგი 10,5%-ის ნიშნულზე ჩამოსწია. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში კი 10%-მდე შემცირდა.
გასულ კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – განაკვეთი 10%-ის დონეზე დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტი ხელმძღვანელობდა დადებითი პროგნოზების ფონზე ინფლაციური ტენდენციების მაღალი გაურკვევლობით.

„რადგან დღეს საქართველოში ინფლაციური ზეწოლა მოიხსნა, ვფიქრობთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, რაც ძალიან კარგი იქნება ქართველი მომხმარებლებისა და ბიზნესმენებისთვის“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, უახლოეს თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე ქვემოთ დარჩება და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში მიუახლოვდება მიზნობრივს.