მამაკაცი მეუღლესა და შშმ პირს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა: დაკავებულია ერთი პირი

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 48 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული მეუღლეს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.
ასევე, უწყების ცნობით, დაკავებულმა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში მოტყუებით წაიყვანა და სხვადასხვა ქუჩასა და საავტომობილო გზებზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს სრულად ისაკუთრებდა. იმ შემთხვევაში კი თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.
დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს