უკანონო ნადირობა საქართველოში: ორ თვეში ასობით დარღვევა დაფიქსირდა

ნადირობისას აკრძალული იარაღის გამოყენების ასობით ფაქტი გამოვლინდა
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 448 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს გაიხსნა და ის 2024 წლის 1 მარტს დასრულდება. გამონაკლისია ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სადაც სეზონი 26 აგვისტოს გაიხსნა.
ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა იმერეთში (124), შემდეგ მცხეთა-მთიანეთი – 83;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 82;
გურია – 39;
შიდა ქართლი – 36;
კახეთი – 35;
აჭარა – 17;
ქვემო ქართლი – 12;
სამცხე-ჯავახეთი – 11;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
თბილისი – 7.
გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან 345 შემთხვევაში სამართალდამრღვევებმა ნადირობისას აკრძალული იარაღი, მეთოდი ან საშუალება გამოიყენეს. 91 მონადირე გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გარეშე ნადირობდა, ხუთმა მოქალაქემ ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინადირა, 6 შემთხვევაში კი, მონადირეებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 338 აკრძალული მოწყობილობა.
უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე) საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
საქართველოში ნადირობა იკრძალება სახელმწიფო ნაკრძალებიდან 500 მეტრ რადიუსში და ეროვნული პარკებიდან 250 მეტრ რადიუსში. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.