თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში საქართველომ და კატარმა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალი მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების დასაქმებას.
მემორანდუმს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა ჯასიმ ბინ საიფ აჰმედ ალ სულაიტმა მოაწერეს ხელი.
ქართული სერთიფიკატები უკვე აღიარებულია მსოფლიოს 72 ქვეყნის მიერ, მათგან 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. შეთანხმების დასრულების შემდეგ ყატარი 73-ე ქვეყანა გახდა.
ბოლო მონაცემებით, 2022 წელს უცხოური დროშის მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი 31%-ით, ხოლო მეზღვაურთა საერთო რაოდენობა 8-დან 17 ათასამდე გაიზარდა.
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მეზღვაურების განათლების გასაუმჯობესებლად, რათა მათ გაუადვილდეთ დასაქმება. დღეს საქართველოში ხუთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლებიც ამზადებენ პროფესიონალებს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ კავშირშია ზღვასთან.
საზღვაო განათლება დაყოფილია სამ ეტაპად და ყოველ ორ წელში ერთხელ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განიხილავს სასწავლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. ამასთან, თავად მეზღვაურებს ევალებათ ყოველ ხუთ წელში ერთხელ გაიარონ სავალდებულო გადამზადების კურსი.