სპიკერი: საპარლამენტო დელეგაციამ IPU-ს ასამბლეაზე დასახულ მიზანს მიაღწია

ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში ყველა მიზანს წარმატებით მიაღწია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, სპიკერ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, 20 შეხვედრა გამართა.
პაპუაშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრების მთავარი მიზანი არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა და საპარლამენტო ურთიერთობების განვითარება იყო.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
„ყველასგან ისმის პოზიტიური გზავნილები. მე მათ ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე და ჩვენს მოლოდინებზე, რომ შეფასება დადებითი იქნება. ისინი ელიან, რომ შეფასება და გადაწყვეტილება დადებითი იქნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს - ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ვიცე-სპიკერი: ქართული ოპოზიცია რევოლუციურ კომიტეტებშია გაერთიანებული>>>
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დროის მოკლე პერიოდში მაქსიმუმი გააკეთა, განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის და დაბრკოლებების გათვალისწინებით.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმაც ასევე განაცხადა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ წელიწად-ნახევარში კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.