Red Wings ყაზანიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს

ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings 15 ნოემბრიდან ყაზანი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს, ნათქვამია გადამზიდავის ვებ-გვერდზე.
ავიარეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათობითა და პარასკევობით შესრულდება. თვითმფრინავი ყაზანიდან 09:55 საათზე გამოფრინდება და თბილისში 13:00 ჩამოფრინდება. თბილისიდან კი 13:50 გაფრინდება და ყაზანში 15:45 საათზე დაჯდება. ორივე შემთხვევაში ქალაქის ადგილობრივი დროა მითითებული.
გარდა ამისა, 3 დეკემბრიდან კვირაში ორჯერ (სამშაბათობით და კვირაობით) რეისები ყაზანი-ქუთაისი-ყაზანის მარშრუტითაც შესრულდება. გამგზავრება ყაზანიდან 14:40 საათზეა ჩანიშნული, ჩამოფრენა ქუთაისში – 18:45 საათზე. თვითმფრინავი ქუთაისიდან 10:40 საათზე გაფრინდება და ყაზანში 13:00 საათზე ჩაფრინდება. აქაც ორივე შემთხვევაში მითითებულია ადგილობრივი დრო.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ფედერაციამ გააუქმა 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
Red Wings ოქტომბრის ბოლოდან ეკატერინბურგიდან თბილისსა და ქუთაისში ფრენებს იწყებს>>
აკრძალვის გაუქმების შემდეგ პირველი რეისი 19 მაისს რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავმა შეასრულა, 20 მაისს კი მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. ივლისის შუა რიცხვებიდან ფრენების განხორციელება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მოსკოვმა 2019 წელს ცალმხრივად შეწყვიტა. მიზეზი თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის შენობაში გამოჩენის შემდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა.