მსოფლიო დღეს

ლუკაშენკო: აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა

პრეზიდენტი თვლის, რომ ტყუილად დაესხნენ თავს „იმ საწყალ გუტერეშს“ ღაზის სექტორში სიტუაციის მოგვარების შესახებ გარკვეული აზრის გამოთქმის გამო.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი".
„გამოსავალი ერთია – უნდა შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო", – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნის საკითხი ისე გადაწყდეს, როგორც ამ საკითხზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული გაეროს დონეზე 1947 წელს. ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხში ეთანხმება გაეროს გენერალურ მდივანს.

„რატომ უტევთ ამ საწყალ გუტერეშს – „რაღაც ისეთი წამოროშა"?! მან სწორად თქვა. ხალხი საშინელ პირობებში ცხოვრობს. მათ უნდა შექმნან სახელმწიფო“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასასრულებლად საზღვრების დადგენა.
„იქნება საზღვრები, ისინი იცხოვრებენ საკუთარ სახელმწიფოში. შემდეგ კი იქნება შესაძლებელი მათთვის პრეტენზიების წაყენება. ეს ხალხი მივაყენეთ კუთხეში და მათგან მოვითხოვთ, რომ იყვირონ: „ვაშა, ვაშა ისრაელს! თქვენ ყოჩაღები და მართლები ხართ", – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ არც პალესტინელ და არც ისრაელის ხალხს არ სჭირდება კონფლიქტი, მათ სურთ მშვიდად ცხოვრება და შვილების გაზრდა. ის ასევე უშედეგოდ მიიჩნევს ღაზის სექტორში კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას.