თბილისი, 27 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი იშვიათი ფორმით, პირადი მიმართვით გააფრთხილა იმ თავდასხმების გამო, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ ჯარებზე ხორციელდება ბოლო პერიოდში, განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე.
„ჰამენეის პირდაპირი შეტყობინება გადაეცა“, − აღნიშნა კირბიმ, თუმცა სხვა დეტალები, მათ შორის, თუ როგორ გადაეცა ეს გაფრთხილება აიათოლას, არ დაუკონკრეტებია.
ამასთან უცნობია, ბაიდენის გაფრთხილება მხოლოდ რეგიონში განთავსებულ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმებს ეხებოდა, თუ ისრაელი–„ჰამასის“ ომში ირანის პირდაპირ ჩარევასაც.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 25 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას პერსონალურად მიმართა აიათოლა ჰამენეის:
„ჩემი გაფრთხილება აიათოლას: თუ ისინი [ახლო აღმოსავლეთში განლაგებული] ჩვენი სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობენ, ჩვენ მათ ვუპასუხებთ და აიათოლა მზად უნდა იყოს“.
ამის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი „შეფარულად დაემუქრა“ შეერთებულ შტატებს.
„ღიად ვეტყვი ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეებს, რომლებიც ახლა პალესტინაში გენოციდს ხელმძღვანელობენ, რომ ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში. მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, მაშინ ცეცხლი არც მათ დაზოგავს“, − განაცხადა ამირ-აბდოლაჰიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.
ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ფონზე შესამჩნევად გახშირდა თავდასხმები ერაყსა და სირიაში განთავსებული ამერიკულ კონტინგენტზე, რასაც მანამდე ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. 17 ოქტომბრის შემდეგ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარები ერაყში 12-ჯერ, სირიაში კი 4-ჯერ დაცხრილეს. ამ თავდასხმების შედეგად ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 21 კი მსუბუქად დაიჭრა. ამაზე საპასუხოდ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ ავიაიერიში მიიტანეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ სამხედრო ობიექტზე, რომლებსაც, პენტაგონის შეფის ლოიდ ოსტინის თქმით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები იყენებენ.