სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკაში დარჩენა სურს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრეზიდენტი მოწყენილია, რადგან მისი პრეზიდენტობის ვადა იწურება, აღნიშნა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკაში დარჩენა უნდა და სწორედ ამას უკავშირდება მისი ურთიერთობები ოპოზიციასთან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ არ გამორიცხა პრეზიდენტთან კოორდინირებული მოქმედებები, მათ შორის, ვიზიტები საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.

„როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ რომ მას უმთავრდება პრეზიდენტობის ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა. მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, რომ უნდა დარჩენა პოლიტიკაში, მისი აფილიაცია, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
იმავე დღეს „ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, არამედ არის „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი. მისი თქმით, ზურაბიშვილი პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურად იქნება.
პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და ექს-ომბუდსმენი საარჩევნოდ პარტიას ქმნიან - კობახიძე>>
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, შესაბამისად, იგი დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.
მის მემკვიდრეს 2024 წელს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული პარტიები.
პრეზიდენტი და ყოფილი ომბუდსმენი „რადიკალების" დღის წესრიგს მიჰყვებიან - შალვა პაპუაშვილი>>
რაც შეეხება ლომჯარიას, მმართველ პარტიაში ის არაერთხელ დაადანაშაულეს მიკერძოებასა და რადიკალიზმში და „ნაცმოძრაობასთან" მჭიდრო კავშირში. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ლომჯარია „ნაცმოძრაობის" საყრდენი იყო.
ლომჯარიამ 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში ახალი პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის" პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, მის შემადგენლობაში სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შევიდნენ, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური პლატფორმა და არ იგეგმება მისი პოლიტიკურ მოძრაობად ან პარტიად გარდაქმნა.