თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის (Internal Criminal Investigations Network - ICIN) წევრად აირჩიეს. გადაწყვეტილება ქალაქ ლონდონში გამართულ ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. იგი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დამოუკიდებლად იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებს.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შექმნიდან მცირე დროში საერთაშორისო ქსელის წევრობის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეძლო", – ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო ქსელის წევრობის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, რომელმაც საქართველოში ახლადშექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის ქსელში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, სამსახურის განვითარების დინამიკასა და პერსპექტივებზე, ასევე წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა.
კენჭისყრის შედეგად გენერალური ასამბლეის წევრებმა საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს, გერმანიის და ფინეთის საზედამხედველო სამსახურების საერთაშორისო ქსელში ოფიციალურ გაწევრიანებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელში (ICIN) 26 ქვეყანაა გაერთიანებული. მათ შორის, ბელგიის პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტი, დანიის საპოლიციო საჩივრების დამოუკიდებელი სამსახური, შვედეთის სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტი, ლიეტუვის იმუნიტეტის საბჭო, ნიდერლანდის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, დიდი ბრიტანეთის მეტროპოლიტენის პოლიციის პროფესიული სტანდარტების სამსახური და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების დამოუკიდებელი საგამოძიებო და საზედამხედველო ფუნქციის მქონე უწყებები.
ICIN ქსელი 2020 წლის მარტში დაარსდა, მისი წევრების პირველი შეხვედრა 2021 წლის მაისში გაიმართა. 2023 წლიდან გაერთიანების თავმჯდომარეა მარტინ ვალფრიდსონი, რომელიც ამავდროულად შვედეთის სპეციალური საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.
ICIN ქსელის საქმიანობის მიზანია წევრ ორგანიზაციებს შორის სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენის, პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების თაობაზე საუკეთესო გამოცდილებისა და ოპერატიული ინფორმაციის გაზიარება, ორგანიზაციის შესაძლებლობების გაზრდა, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
საქართველოს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შედის თანამდებობის პირებისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების, მათ შორის პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლების, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე დანაშაულში 139 პირი ამხილა. 139 პირიდან 62 სამართალდამცველი იყო, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის. 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში ამხილეს, 12 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დაზარალებულებისა და განმცხადებლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით.