თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჰელოუინი წლის ყველაზე მისტიკური დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 31 ოქტომბრის ღამეს აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს, მისი აღნიშვნა უკვე წლებია, აქაც დაიწყო.
„მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიური რიტუალისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მის წმინდანთა ხატებისა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება მასკულტურის პერსონაჟებისა და დაცემული ძალების, დემონების პერსონიფიკაციებს. ამდენად, მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია", – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ ჰელოუინის შესახებ სხვადასხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთის სათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომელსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე, XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში ჩამოყალიბდა.