მსოფლიო დღეს

მიღებულია პირველი რეზოლუცია: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ახალი სპიკერი ჰყავს - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩია, რითაც დასრულდა 22-დღიანი ბატალიები.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონის კანდიდატურას 220-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო დემოკრატების კანდიდატ ჰაკიმ ჯეფრის 209 ხმა ერგო. გამარჯვებისთვის 217 ხმა იყო საკმარისი.
როგორც BBC წერს, 51 წლის მაიკ ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. კერძოდ, ის ტრამპის იურისტთა გუნდის წევრი იყო და ექს-პრეზიდენტს იცავდა ორივე იმპიჩმენტის დროს. ამასთან ის მტკიცე კონსერვატორად მიიჩნევა, რომელიც მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებში ხისტ კონსერვატორულ პოზიციას იცავს. მაგალითად, ის ეწინააღმდეგება აბორტის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლებას.
გარდა ამისა, მაიკ ჯონსონი ცნობილია იმითაც, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგია. მაგალითად, მან მხარი არ დაუჭირა კიევისთვის 40 მილიარდიანი პაკეტის გამოყოფას.
BBC-ს ცნობით, წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერის ხელმძღვანელობით უკვე მიიღო პირველი საკანონმდებლო აქტი − რეზოლუცია, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ისრაელს „ჰამასის“ ტერორისტებთან ბრძოლაში“.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სამი კვირის განმავლობაში ეძებდა ყოფილი სპიკერის კევინ მაკარტის შემცვლელს, რომელიც რესპუბლიკელების მემარჯვენე ფრთისა და დემოკრატთა ძალისხმევით მოხსნეს სპიკერის პოსტიდან.
მანამდე ფრაქციის პირველმა კანდიდატმა სტივ სკალისმა არჩევნების წინა დღეს მოხსნა თავისი კანდიდატურა, მეორემ − ჯიმ ჯორდანმა კენჭისყრის სამი ტური წააგო, ხოლო მესამემ, ტომ ემერმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.