ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები თანდათან გაიზარდა

ქართული ოპოზიციის გათვლა იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, თუმცა ვითარება იცვლება და, შესაბამისად, მათ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა უწევთ, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თავიდან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი 50/50-ზე იყო, დღეს კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა – ეტაპობრივად მწიფდება პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ, განაცხადა მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დასკვნას 8 ნოემბერს წარმოადგენს. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო 14-15 დეკემბერს მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის საკითხზე და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შანსები (კანდიდატის სტატუსის მიღების) 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი სათანადოდ დასრულდება", – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, ქართული ოპოზიციის გათვლა იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, თუმცა ვითარება იცვლება და, შესაბამისად, მათ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა უწევთ.
„მათი რიტორიკა აგებული იყო იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიგვეღო, თუმცა ნახეს, რომ მოცემულობა სხვა მიმართულებით შეიცვალა – რეალურად მწიფდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამან გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება და არათანმიმდევრულობა", – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად>>>
პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. სამნიძის თქმით, სტატუსის მონიჭება ძალზე მნიშვნელოვანია და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ახლა ხელისუფლებაში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
„ეს სკანდალურია“ - გია ვოლსკიმ ხათუნა სამნიძის განცხადება შეაფასა>>>
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.