თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელი თავად, სხვა ქვეყნების ჩაურევლად იღებს სამხედრო გეგმებს და ასევე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით, განაცხადა ისრაელის ომის მთავრობის წევრმა ბენი განცმა.
აღნიშნული განცხადება მან მასმედიით გავრცელებული ცნობების საპასუხოდ გააკეთა, რომელთა თანახმად, ისრაელმა აშშ-ის ზეწოლით გადადო სახმელეთო ოპერაცია.
„გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ. ისრაელი აფასებს მხარდაჭერას, რომელსაც მოკავშირე შეერთებული შტატებისგან იღებს, მაგრამ საკუთარ თავსა და თითოეულ ებრაელს თავად დავიცავთ“, − აღნიშნა განცმა.
ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გაურკვეველი ვადით გადადო, თუმცა სარაკეტო შეტევებს კვლავაც განაგრძობს. ამ დროისათვის მთელი ძალისხმევა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხსნისკენ არის მიმართული, რომლებიც, სავარაუდოდ, ღაზის მიწისქვეშა გვირაბების ქსელში ჰყავთ მოთავსებული.