მსოფლიო დღეს

ბაიდენი დაღუპული პალესტინელების შესახებ მონაცემებს არ ენდობა

Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინის მხარის მიერ მოწოდებული მონაცემები ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სანდოდ არ მიმაჩნია, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით („ჰამასის“ სტრუქტურა), 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სარაკეტო შეტევების შედეგად 6.500 პალესტინელია დაღუპული. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყაროა − ამ მონაცემების სხვაგან გადამოწმება შეუძლებელია.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა დაღუპულთა ესოდენ დიდი რაოდენობა (რომელთა შორის, „ჰამასის“ განცხადებით, დაახლოებით 2.700 ბავშვია), რომ ისრაელი უგულებელყოფს აშშ-ის მოთხოვნებს, მინიმუმამდე შეამციროს მსხვერპლი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაში.

„წარმოდგენა არ მაქვს, ამბობენ თუ არა პალესტინელები სიმართლეს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა. ეჭვი არ მეპარება, რომ დაღუპულებს შორის უდანაშაულო ადამიანები არიან, მაგრამ ასეთია ომის გაჩაღების ფასი. <...> არანაირად არ ვენდობი ციფრებს, რომლებსაც პალესტინელები აცხადებენ“, − უპასუხა ბაიდენმა შეკითხვას.

მისი თქმით, ისრაელელებს წარმოუდგენელი „აკურატულობის“ გამოჩენა უწევთ იმისთვის, რომ „სწორედ იმ ბიჭებზე ფოკუსირდნენ, რომლებმაც დაიწყეს კიდეც ეს ომი ისრაელის წინააღმდეგ. და როცა ასე ვერ ხერხდება, ეს აბსოლუტურად არ შედის ისრაელის ინტერესებში“
ბაიდენს არ განუმარტავს, რატომ აქვს ესოდენ სკეპტიკური დამოკიდებულება ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობის მიმართ, როცა „ჰამასი“ ირწმუნება, რომ მის მიერ მიწოდებული ცნობები ზუსტია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის სამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „ჰამასმა“ საგრძნობლად გაბერა ალ-აჰლის საავადმყოფოს ინციდენტისას დაღუპულთა რაოდენობა, რომელსაც ისევ მათ მიერ არასწორად გაშვებული რაკეტა მოხვდა.