თბილისი, 26 ოქტომბერი − Sputnik. მამაკაცი, რომელმაც მენის შტატის (აშშ) ქალაქ ლუისტონში ხალხს ცეცხლი გაუხსნა, იარაღის ინსტრუქტორია და მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, იუწყება ABC News წყაროებზე დაყრდნობით.
არსებული ცნობით, საუბარია 40 წლის რობერტ კარდიზე, რომელმაც, ბოლო მონაცემებით, 22 ადამიანი მოკლა, ხოლო დაახლოებით 60 დაჭრა.
„ეჭვმიტანილს გავლილი აქვს სამხედრო სამსახური და არის ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორი... მას ასევე აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ამ ზაფხულს ის ორი კვირით მოათავსეს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში მას შემდეგ, რაც ის ეროვნული გვარდიის დაწესებულებას სროლით დაემუქრა“, − იუწყება ტელეარხი წყაროებზე დაყრდნობით.
ლუისტონის პოლიციის განცხადებით, მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი რობერტ კარდი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაკავებული, კვლავ შეიარაღებულია და საშიში. შერიფის ოფისმა ეჭვმიტანილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც შაშხანით შეიარაღებული თეთრკანიანი მამაკაცია აღბეჭდილი.
„ლუისტონში მოქმედებს აქტიური მსროლელი. გთხოვთ დარჩეთ სახლში და ჩაკეტოთ კარები“, − მიმართა პოლიციამ მოქალაქეებს.
აღინიშნება, რომ საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებიც არიან ჩართული. ინციდენტის თაობაზე აცნობეს აგრეთვე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.