დეპუტატი: კანდიდატის სტატუსის მოპოვება „რადიკალური ოპოზიციის“ კრახი იქნება

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ პროგრესს მმართველი პარტიის დამსახურებით მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება რადიკალური ოპოზიციისთვის ნამდვილი კრახი იქნება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. სამნიძის თქმით, სტატუსის მონიჭება ძალზე მნიშვნელოვანია და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ახლა ხელისუფლებაში.

„კანდიდატის სტატუსის მიღება რადიკალური ოპოზიციისთვის სრული კრახი იქნება. ვინაიდან მათ არ შეუძლიათ საქმიანი კრიტიკა და კონკრეტულ თემებზე ოპონირება, მთელი მათი იდეოლოგია აგებულია ნარატივზე, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა რუსეთის სამსახურში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, თუ ბოლო წლებში საქართველომ რაიმე პროგრესს მიაღწია, ეს მმართველი პარტიის დამსახურებით მოხდა.
„თუ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რაიმე პროგრესი აქვს, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის მომხრეებს.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება – ბრიუსელში ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარი თემა>>>
ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.