თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ცნობით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალის მიმდებარედ, მდინარე დებედას კალაპოტში მოქალაქეებს ელექტროშოკური მოწყობილობისა და მოსასმელი ბადის გამოყენებით უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 1 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე კი მოქალაქეს ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 7,3 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
უწყების ცნობით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედ თევზჭერისას ასევე იყენებდნენ ელექტროშოკურ მოწყობილობებს.
უკანონოდ მოპოვებული თევზი, ასევე ნავები და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.