პრეზიდენტი და ყოფილი ომბუდსმენი „რადიკალების" დღის წესრიგს მიჰყვებიან - შალვა პაპუაშვილი

ქართველ ხალხს არ სურს, რომ ზურაბიშვილმა მათი ინტერესები მთავრობის თანხმობის გარეშე წარმოადგინოს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „რადიკალური ოპოზიციის“ დღის წესრიგის გამტარებლებად იქცნენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი ლომჯარიას განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა პრეზიდენტთან კოორდინირებული მოქმედებები, მათ შორის ერთობლივი ვიზიტები საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში. „ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს როგორც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ისე „ლელოს საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელს", „გირჩი - მეტი თავისუფლებას" და სხვა მცირე პარტიებს. მმართველი პარტია მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც" უწოდებს.

„საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ლუსტრაციაა. ჩვენ გვყავდა ვითომ ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი აღმოჩნდა. გვყავდა ვითომ ზეპარტიული სახალხო დამცველი, რომელიც ასევე რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი აღმოჩნდა. ლუსტრაცია მიმდინარეობს და ჩვენი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და აფასებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სპიკერის თქმით, ქართველ ხალხს არ სურს, რომ მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე. ასევე ქართველ ხალხს არ სურს, რომ საგარეო ურთიერთობებში მას წარმოადგენდეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
„ვინც ამას პატივს არ სცემს, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უკავია ახლა თუ უწინ, ამ ხალხს კონსტიტუცია და ქვეყანა საკუთარი უკანა ეზო ჰგონია, რომელსაც თავისი გემოვნებით მოაწყობს. ეს ასე არ არის. ვინც ქართველ ხალხს პატივს სცემს, მან პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართველი ხალხის ნებაა, რომ ის წარმოდგენილი იყოს მისი ამჟამინდელი მთავრობის მიერ.
პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და ექს-ომბუდსმენი საარჩევნოდ პარტიას ქმნიან - კობახიძე >>
„საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ქართველი ხალხის მანდატით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ჩვენი კონსტიტუცია“, – განაცხადა სპიკერმა.
18 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ უცხოური ვიზიტების გამო კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია და არა მთელი საქართველოსი. მისი თქმით, ზურაბიშვილი ფორმალური პრეზიდენტია.
შეუძლიათ თუ არა პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა - შოთაძის პასუხი >>
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2025 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მომდევნო პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ ის პარტიები, რომლებიც მომავალი წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
რაც შეეხება ლომჯარიას, მმართველმა პარტიამ ის არაერთხელ დაადანაშაულა მიკერძოებასა და რადიკალიზმში და მიანიშნა მის მჭიდრო კავშირზე ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან". როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ლომჯარია „ნაცმოძრაობის“ საყრდენი იყო.
2023 წლის სექტემბრის დასაწყისში ლომჯარიამ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, „საქართველოს ევროპულ ორბიტაში" სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შევიდნენ, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური პლატფორმა და არ იგეგმება მისი პოლიტიკურ მოძრაობად ან პარტიად გარდაქმნა.