„ეს სკანდალურია“ - გია ვოლსკიმ ხათუნა სამნიძის განცხადება შეაფასა

პოლიტიკოსი გაკვირვებულია, რომ ოპოზიციონერებს თვითონ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გააფთრებული მებრძოლი ამხელს.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადება სკანდალურია, რადგან ამას მმართველი გუნდის წინააღმდეგ გააფთრებული მებრძოლი ამბობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. სამნიძის თქმით, სტატუსის მონიჭება ძალზე მნიშვნელოვანია და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ახლა ხელისუფლებაში.

„რამდენად სკანდალურია სამნიძის განცხადება, არ ვიცი. სკანდალური ის არის, რომ ოპოზიციის აქტიური, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გააფთრებული მებრძოლი საუბრობს ისეთ თემაზე, რაც ისედაც ცნობილი იყო. ეს არის სკანდალური, თორემ ახალს არაფერს ამბობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პოლიტიკოსის თქმით, ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელის და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში დარბოდნენ და საქართველოზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ხათუნა სამნიძის განცხადება ადასტურებს იმას, რასაც მმართველი გუნდი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე საუბრობდა, აღნიშნა მან.
„მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას. ეს სქემა აშკარა გახდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მათ შორის, ხათუნა სამნიძის განცხადებაც, რასაკვირველია, ამ რიგში უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„გაქცევის მცდელობა გემიდან, რომელიც იძირება“ – პაპუაშვილი ოპოზიციონერის განცხადებაზე >>
ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.