თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის მერია აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან ერთად ბაგა-ბაღებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, რუსთავის მერია ბაგა-ბაღებში მოზარდის განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდიკის დანერგვაზე მუშაობს. კერძოდ, პროექტი „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში" ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავის მერიასა და „შალვა ამონაშვილის აკადემიას" შორის სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდება.
„რუსთავში ჩვენ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. დღევანდელი მემორანდუმი ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებას და სკოლამდელი განვითარების მიმართულებით სრულიად ახალი მიდგომების დანერგვას ემსახურება", – განაცხადა რუსთავის მერმა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს შალვა ამონაშვილი პირადად უხელმძღვანელებს. პედაგოგიკასა და ბავშვთა ფსიქოლოგიაში ტრენინგ-კურსებს რუსთავის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართული 700 თანამშრომელი გაივლის.