თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ მოუწოდა მსოფლიოს ქრისტიანებს, წინ აღუდგნენ პალესტინელების გენოციდს და დაეხმარონ პალესტინას, დაიბრუნოს ტერიტორია, დამოუკიდებლობა და სახელმწიფო.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეარხ Venezolana de Televisión-ის გადაცემაში „მადურო +“ ისაუბრა.
„ვთხოვ ჩემს ქრისტიან ძმებსა და დებს, კათოლიკურ ეკლესიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას ვენესუელასა და მთელ მსოფლიოში, აიმაღლონ ხმა ღაზისა და პალესტინის ხალხის გენოციდის წინააღმდეგ. გენოციდი უნდა შეწყდეს! აუცილებელია სასწრაფოდ ჩატარდეს მსოფლიო კონფერენცია, რათა პალესტინის ხალხს დაუბრუნდეს უფლება მშვიდობაზე, ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობასა და საკუთარ სახელმწიფოზე“, — განაცხადა ნიკოლას მადურომ ტელეეთერში.
ვენესუელის პრეზიდენტის თქმით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომი არის არა ომი, არამედ „პალესტინის კეთილშობილი ხალხის გენოციდი“. ამასთან მადურომ ხაზი გაუსვა, რომ იბომბება არა მხოლოდ მეჩეთები, არამედ ქრისტიანთა კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიებიც.
მადუროს ცნობით, ვენესუელამ პალესტინაში უკვე გაგზავნა 30 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და პირობა დადო, რომ კვლავაც განაგრძობს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას.