ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ფორმატი „3+3“ საქართველოსთვის ღიაა

Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ირანის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ფორმატი „3+3“-ის მორიგი შეხვედრა თეირანში და დაადასტურეს, რომ ფორმატი ღიაა საქართველოსთვის, ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

„შეფასდა რა დადებითად ამ შეხვედრის შედეგები, მხარეებმა დაადასტურეს, რომ პლატფორმა ღიაა მასში საქართველოს თანაბარი მონაწილეობისთვის“, — ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„3+3“ ფორმატის შეხვედრების გამართვის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი მონაწილეობდნენ.
მორიგი შეხვედრა ორშაბათს თეირანში გაიმართა. ქართულმა მხარემ, ისევე, როგორც წინა ჯერზე, უარი თქვა დისკუსიაში მონაწილეობაზე.
საქართველო აღნიშნულ ფორმატში რუსული ფაქტორის გამო არ ერთვება. თავის მხრივ, რუსეთი ამ მექანიზმს ძალიან მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატად მიიჩნევს, სადაც რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვა რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობითაა შესაძლებელი.