ირაკლი კობახიძის კომენტარი აშშ-ის დაზვერვის მონაცემებზე არჩევნების შესახებ

არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში, აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თუ არჩევნებში ჩარევის რისკი იარსებებს, საქართველოს ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმაციას ყველას მიაწვდის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ამერიკულმა დაზვერვამ გააფრთხილა 100-ზე მეტი ქვეყნის მთავრობა მოსკოვის მხრიდან არჩევნებში ჩარევის საფრთხის შესახებ. Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, მოსკოვი იყენებს ჯაშუშობას, სოციალურ და სახელმწიფო მედიას, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეარყიოს ნდობა დემოკრატიული პროცესების პატიოსნების მიმართ.

„ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმას, თუ როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა. თუ სადმე იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენ ინტერესებში“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველოში არჩევნების პროცესში არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს. ეს მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას ეხება.

„თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთოდა თან წინა საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, გახსოვთ, იგივე პარალელური ხმების დათვლის გაყალბება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.

მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით იყო დაკავებული და შეგნებულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საუბარია ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე.
ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი
2020 წლის დეკემბრის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც პარალელური დათვლის შედეგები დააზუსტა.
ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად აწარმოებდა. „სამართლიანი არჩევნების“ შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
მანამდე ოპოზიცია ISFED-ის მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ მან კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ადგილების მიღება შეძლო.
„დღესაც არ არის გვიან“ - ISFED-ის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან>>>
ამასთან, პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები პრაქტიკულად სრულად დაემთხვა ცესკოს შედეგებს.
მანამდე მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანო არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედებებით უნდა დაინტერესდეს. მან ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებს თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.
მმართველ პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ დაკარგა „ნეიტრალურის“ სტატუსი.
ამასთან, აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ სრულად ენდობა ISFED-ს და მას „არჩევნების მონიტორინგის საქმეში ძალზე პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“ უწოდა.
ადრე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ISFED მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამართლიან არჩევნებს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.
არჩევნები ახლებურად
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, დღეისთვის ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.