ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: ქართველმა ოპოზიციონერებმა დუმბაძე გააკრიტიკეს

დუმბაძის განცხადება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს არ მოეწონათ.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ქვეყანას ეს სტატუსი ჰაერივით სჭირდება, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
პოლიტიკური გაერთიანების „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. მისი თქმით, თუ საქართველო მიიღებს სტატუსს, ეს „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას 2030 წლამდე გახანგრძლივებს, რაც „კატასტროფა იქნება“.

„ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს... ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ეს სტატუსი ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ უკეთესი პენსია, უკეთესი სამუშაო, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება. ქვეყანამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ნადირაძემ.

დუმბაძის განცხადება გააკრიტიკა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმაც, რომელიც წარმოადგენს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

„რას ნიშნავს „საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს"?! ეს საერთოდ რა ლაპარაკია?! კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ეს ქვეყანა და ეს ხალხი. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან და ხელისუფლებას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ და არ უნდა გადავაყოლოთ ამ ქვეყნის 30-წლიანი პერსპექტივა. ასეთი ადამიანები, მავნებლები, შეუერთდნენ „ოცნებას", – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.