თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
პრეზიდენტის თვითმფრინავი ახლახან დაეშვა ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტში.
გავრცელებული ცნობით, მაკრონის ვიზიტის მიზანია ისრაელისადმი საფრანგეთის სოლიდარობის დადასტურება, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაში დახმარება და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აღკვეთა.
გარდა პრემიერისა, ემანუელ მაკრონი ასევე შეხვდება ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგსა და ოპოზიციის ლიდერებს — ბენი განცსა და იარ ლაპიდს. ეს უკანასკნელები ისრაელის დროებითი, ომის მთავრობის წევრები არიან.
მანამდე ისრაელს მხარდაჭერისა და თანადგომის გამოსახატად ასევე ეწვივნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პენტაგონის შეფი ლოიდ ოსტინი.