თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დახმარება აღუთქვა ოჯახში ძალადობის იმ მსხვერპლებს, რომლებიც ისეთივე სიტუაციაში აღმოჩნდებიან, როგორშიც იყო საგარეჯოელი 14 წლის სკოლის მოსწავლე, რომელიც ქორწინების მიზნით გაიტაცეს და ორი თვის შემდეგ მოკლეს.
მკვლელობა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოხდა. არასრულწლოვნის „ქმარს" გოგონას გატაცება და განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო გოგონას დედას და ბიძას – ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.
„მინდა მივმართო მათ, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება: პროკურატურა არის მათ გვერდით. ჩვენ უსწრაფეს რეაგირებას მოვახდენთ და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა შოთაძემ.
შესაძლოა, ამ საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს, ხაზგასმით აღნიშნა შოთაძემ.
შოთაძემ თვითონ 14 წლის გოგონას ისტორიას საქართველოსთვის უდიდესი ტრაგედია უწოდა.
„ჩვენი რეაგირება იყო უმკაცრესი, რაც საზოგადოებამ ნახა. ყველა პირი, მათ შორის გარდაცვლილის დედა და ბიძა, რომლებიც მონაწილეობდნენ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სხვა ქმედებებში, მიცემული არიან პასუხისგებაში, პატიმრობაში იმყოფებიან. ჩვენი მიდგომა იქნება უმკაცრესი“, – აღნიშნა შოთაძემ.
საქმის დეტალები
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის ზაფხულში მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანს ქორწინების მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ბიძის სახლში მიიყვანა.
აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცველ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
სასამართლოზე დადგინდა, რომ დედამ თავად შეურჩია თავის ქალიშვილს „ქმარი“, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგონამ გამტაცებელს თავი დააღწია, დედამ ის „ქმართან“ დააბრუნა და თავისი ქალიშვილის „გათხოვების“ ფაქტი დაუმალა იმ სკოლის პედაგოგებს, სადაც ბავშვი სწავლობდა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 ოქტომბერს დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი.
მამაკაცს ბრალი სსკ-ის სამი მუხლით წარუდგინეს: არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ოჯახის წევრის გენდერული ნიშნით განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
მედიის ცნობით, გოგონა იყო გატაცებული და იმყოფებოდა დაურეგისტრირებელ ქორწინებაში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. „ქმარმა“ არასრულწლოვანს მას შემდეგ ესროლა, რაც მან მორიგ ჯერზე გაქცევა სცადა. გარდაცვლილის დედის თქმით, სანამ მოკლავდა, სცემა და ხეზე მიაბა.
პროკურატურის ინფორმაციით, გოგონას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ხუთი ჭრილობა აღენიშნება.