თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატს სოზარ სუბარს იმედი აქვს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის რობინ დანიგენის პირობებში ორი ქვეყნის ურთიერთობები „გადაიტვირთება" და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოში რევოლუციური სცენარების განვითარების მიმართ.
აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგენი, რომელმაც თანამდებობაზე კელი დეგნანი ჩაანაცვლა, საქართველოში მუშაობას 12 სექტემბერს შეუდგა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რობინ დანიგენის კანდიდატურა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2023 წლის 14 იანვარს წამოაყენა. აშშ-ის სენატმა დანიგენი, როგორც საქართველოში ახალი ელჩი, 2023 წლის ივლისის ბოლოს დაამტკიცა.
„საქართველოში ჩამოვიდა შეერთებული შტატების ახალი ელჩი და იმედს გამოვთქვამ, რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარების განვითარების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება... იმედია, ურთიერთობებში გადატვირთვა მოხდება", – განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
დეპუტატმა განმარტა, თუ რატომ მოიხსენია ელჩი ამგვარ კონტექსტში. სუბარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED), რომლის დონორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გააყალბა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები.
„ამის შესახებ ძალიან მალე იცოდა აშშ-ის საელჩომ, USAID-ს ხელმძღვანელობამ და ისინი ამაზე ერთი თვის განმავლობაში არაფერს ამბობდნენ. ეს გაკეთდა საქართველოში არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის და, შესაბამისად, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, რაც არ მოხდა", – განაცხადა სუბარმა.
დეპუტატმა ასევე გაიხსენა CANVAS-ის ტრენინგები საქართველოში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები მზადდება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. სუსის განცხადებით, არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სუსი აცხადებს, რომ საქართველოში 25 სექტემბერს USAID-ს მოწვევით ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოსული სერბი მოქალაქეების ნამდვილი მიზანია კავშირის დამყარება ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც საქართველოში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ.
USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ამჯერად CANVAS-თან თანამშრომლობა ითვალისწინებდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ადვოკატირებაში.
„როდესაც ვნახეთ, როგორ გეგმავდნენ „კანვასის" ტრენინგებზე სისხლიან გადატრიალებას, იყო საუბარი – სისხლიანი რევოლუცია, პოლიციელებზე თავდასხმები, ვნახეთ აშშ-ის საელჩოს მაშინდელი განცხადება, რომ ისინი ამას მხარს უჭერდნენ და დაუჭერენ მომავალშიც. მათი პროექტი იყო რევოლუციაზე... ამ შემთხვევაში USAID-სა და აშშ-ის საელჩოს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა", – აღნიშნა სუბარმა.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები შეიცვლება და მსგავსი პროექტები აღარ დაფინანსდება.
რობინ დანიგენი აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი 2018-2021 წლებში ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით პერიოდში დანიგენი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიის, ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბისა და სალვადორის საელჩოებში.
რაც შეეხება დანიგენის წინამორბედს, კელი დეგნანი ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2019 წლის ბოლოს ჩაუდგა სათავეში. საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი, მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.