ქართული ხმა გერმანიაში: ლიზი გოზალიშვილმა წარმატებით გაიარა „რინგის" ტური

„რინგზე" ლიზი გოზალიშვილი ნიკოლ შოლცთან ერთად წარდგა.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა ლიზი გოზალიშვილმა კონკურსი The Voice of Germany-ს მეორე ეტაპი წარმატებით გაიარა და ამგვარად ის პროექტში მონაწილეობას განაგრძობს.
მუსიკალური კონკურსის მეორე ეტაპზე ერთი გუნდის მონაწილეები დუეტში მღერიან და თავიანთ ვოკალურ ნიჭს ავლენენ.
„რინგზე" ლიზი ნიკოლ შოლცთან ერთად გავიდა. როგორც ლიზიმ სოციალურ ქსელში დაწერა, მენტორს, გერმანელ-იტალიელ არტისტ ჯოვანი ზარელას, წესის მიხედვით, ჰქონდა უფლება "რიგნიდან" შემდეგ ეტაპზე გადაეყვანა ერთ-ერთი, ორივე, ან არცერთი მონაწილე.

„ვოისში" ადგილების რაოდენობა და დრო შეზღუდულია. თქვენგან შემდეგ ეტაპზე ერთი გადავა. ის, რომელიც ნამდვილი მებრძოლია, რათა მოერგოს ნებისმიერ ვითარებას და მზად იყოს ნებისმიერი მონაწილის წინააღმდეგ გამოსასვლელად. ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს ლიზია", – განაცხადა ზარელამ.

ლიზი გოზალიშვილი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, სწავლობს ბონის უნივერსიტეტში ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. ქართველი მსმენელი ლიზის მისი საავტორო სიმღერებით იცნობს. ასევე ლიზი მონაწილეობდა ქართულ მუსიკალურ პროექტში.