თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა სასკოლო მასალებიდან ამოიღოს ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგის ნებისმიერი ხსენება, რომელმაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, იტყობინება პორტალი Ynet.
„ჰამასი“ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 1400 უდანაშაულო ისრაელელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის ბავშვების, ქალებისა და მოხუცებისა. მათ ასევე გაიტაცეს ორასზე მეტი ადამიანი. [ტუნბერგის] ამგვარი პოზიცია ართმევს მას უფლებას, იყოს მისაბაძი მაგალითი მორალური და საგანმანათლებლო ღირებულებების თვალსაზრისით. და მას აღარ აქვს უფლება, შთააგონოს და ასწავლოს რამე ისრაელელ მოსწავლეებს“, − აცხადებენ სამინისტროში.
მანამდე გრეტა ტუნბერგმა სოციალურ ქსელებში — X-სა და „ინსტაგრამზე“ პალესტინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და ამასთან გაიზიარა პროპალესტინურ აკაუნტზე ატვირთული პოსტი, რომ ღაზის სექტორში გენოციდი მიმდინარეობს.
პოსტს თან ახლდა ფოტო, რომელზეც ტუნბერგსა და მის თანამოაზრეებს ეჭირათ პლაკატები: „თავისუფლება პალესტინას“ და „მხარს ვუჭერთ ღაზას“. ამ დროისათვის სოციალურ ქსელებში ტუნბერგის ეს პოსტები დაბლოკილია.