თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტად რჩება და მისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" აღარ შეასრულებს არანაირ რიტუალს, მაგალითად, აღარ წამოდგება ფეხზე სახელმწიფოს მეთაურის შესვლისას, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მმართველმა პარტიამ 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის დარბაზში პრეზიდენტის გამოჩენის დროს უმრავლესობის დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ.
„ეს ეთიკის წესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ იქნება. ეს არის იმ რიტუალის არშესრულება, რომელიც სრულდებოდა სრულფასოვანი პრეზიდენტის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ ის რჩება მხოლოდ ფორმალურ პრეზიდენტად, „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტად, ჩვენი მხრიდან ასეთი რიტუალები აღარ შესრულდება", – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია თავიდანვე "ნაციონალური მოძრაობის" იმედით დაარღვია. შესაბამისად, უმრავლესობას იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის მოგროვების იმედი არ ჰქონდა.
თავის მცრივ, ზურაბიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, უარი თქვა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე. მეტიც, მას არ გაუცია ცალსახა პასუხი კითხვაზე, როგორი იქნება მისი შემდგომი მოქმედებები.
რა იქნება შემდეგ
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, შესაბამისად, იგი დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.
ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავს, ხოლო იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ მან დუმილის უფლება დაიტოვა.
თუმცა, პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში მთავრობასთან ერთად მოქმედება და შემდეგი წლის დასაწყისში დეპუტატების წინაშე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაც მოუწევს.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.