თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ბოევიკებს, რომლებიც ისრაელში შეიჭრნენ, ქიმიური იარაღის დამზადების ინსტრუქცია ჰქონდათ, განუცხადა ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა გამოცემა Sky News-ს.
ჰერცოგმა გამოცემას ის დოკუმენტები და დიაგრამები აჩვენა, რომლებიც ცაჰალის წევრებმა კიბუც ბეერიში მოკლულ ბოევიკს აღმოუჩინეს.
ისრაელის პრეზიდენტის ინფორმაციით, საუბარია „ალ-ქაიდას“ 2003 წლის სახელმძღვანელოზე, რაც იმას ადასტურებს, რომ „საქმე გვაქვს ისლამურ სახელმწიფოსთან, ალ-ქაიდასთან და ჰამასთან“.
მისი განმარტებით, ამ სახელმძღვანელოში არის ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დამზადდეს ქიმიური იარაღი სხვადასხვა ქიმიკატებით.
„ჰამასის“ ტერორისტის ჯიბეში აღმოჩენილი USB-მეხსიერება ადასტურებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ციანიდის გამოყენებას გეგმავდა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ამას ალ-ქაიდა აკეთებდა“, − წერს იცხაკ ჰერცოგი საკუთარ X-აკაუნტზე.
როგორც Skay-News წერს, გამოცემას არ შეუძლია თავად გადაამოწმოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ისრაელის პრეზიდენტის განცხადება. თუმცა იქვე წერს, რომ სახელმძღვანელო ბრიტანელ ექსპერტს გადაუგზავნეს შესასწავლად, რომელმაც დაადასტურა, რომ სახელმძღვანელოში ნამდვილადაა ჩამოთვლილი ის ინგრედიენტები, რომლებითაც „საიმედო ქიმიური იარაღის შექმნაა შესაძლებელი“.