თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) შექმნა ფონდი, რომელიც ახალისებს და აწყობს არეულობებს საქართველოში, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გია ცაგარეიშვილმა.
მიმდინარე წლის მარტში, როდესაც თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა, GDI-მ დააფუძნა თავისუფალი გამოხატვის მხარდაჭერის ფონდი (FESF). არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ფონდის მიზანია დაეხმარონ ცალკეულ ინდივიდებს, გადალახონ ფინანსური ტვირთი, რომელიც მათ თავისუფალი გამოხატვის არაძალადობრივ რეალიზაციასთან დაკავშირებით დაეკისრათ. დახმარება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საპროტესტო აქციების შემდეგ ჯარიმები დაეკისრათ.
ეს ორგანიზაცია კრებს და ინსტრუქტაჟს უტარებს, ახალისებს დანაშაულებებს. შემდეგ ადამიანებს ჰპირდება, რომ თუ ჩაიდენენ კონკრეტულ დანაშაულს, გამოიყვანენ ციხიდან, გადაიხდიან ადმინისტრაციულ ჯარიმას. როგორც ჩანს, ეს ახალი სქემაა ქვეყანაში არეულობების შექმნისა და წახალისებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, შენ არღვევ, მე ვიხდი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
თბილისში მასობრივ საპროტესტო აქციებზე 7–10 მარტს გამოვიდა საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია. აქციის ზოგიერთმა მონაწილემ გადაწყვიტა გაერღვია ბარიერები და პარლამენტის ტერიტორიაზე შესულიყო. ამის შემდეგ სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციების შედეგად საბოლოოდ „ქართული ოცნების“ კანონპროექტები უკან გაიწვიეს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ დესტაბილიზაციისა და არეულობებისთვის ყველა, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელ პროტესტს გამოთქვამენ.
„ამიტომ საჭიროა და მოველით მეტ გამჭვირვალობას, მოველით ანგარიშვალდებულებასაც... ვნახეთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად... ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა... ეს მაშინ გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
დეპუტატმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალიდან“ სოზარ სუბარმა საგანგაშო და მიუღებელი უწოდა იმ ადამიანების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობენ.
სუბარის განცხადებით, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ყოფილი სახალხო დამცველი და, რაც ყველაზე საგანგაშოა, მათი დონორები აფინანსებენ ადამიანებს, რომლებიც აწყობენ ან ცდილობენ მოაწყონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება, ეს ძალიან საგანგაშოა და აბსოლუტურად მიუღებელია. ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიასთან, აღნიშნა სუბარმა.
ამ დროისათვის გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდში 15 განაცხადია შესული, აქედან მხარდაჭერა აღმოუჩინეს 12-ს. ფინანსური მხარდაჭერის წარდგენის საკითხს განიხილავს კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შედის.
არასამთავრობო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფონდში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი თანხა 18,3 ათას ევროს აღემატება.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ფონდის შექმნის შესახებ ინფორმაცია განთავსდა, მითითებულია, რომ მათი დონორები არიან ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, ასევე აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Management Institute) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
თუმცა, „იმედის“ ინფორმაციით, ვებ-გვერდიდან მალევე მოაშორეს USAID და ამ დროისათვის ის უკვე აღარ არის მითითებული, როგორც ამ პროგრამის დონორი.
GDI-ს თავმჯდომარის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მან არ იცის, რა ჩანდა პროგრამის მიხედვით. მათ აქვთ ორი გრანტი – ხუთ–ხუთი ათასი დოლარი. ესაა East-West Management-ის ცენტრალური ოფისიდან და ეს არ არის USAID-ის თანხა. მეორე ხუთი ათასია „ღია საზოგადოების“ ფონდიდან, აღნიშნა მარიკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ასევე ჩაირიცხა 20 ათასი ევრო ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy). სწორედ ამ ორგანიზაციამ გამოყო 2021 წელს ფული ნიკა მელიას გირაოსთვის, რომელიც იმ მომენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, და ჩარიცხა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშზე. მელია 2019 წლის 20–21 ივნისის საპროტესტო აქციებზე პარლამენტთან მთავარი ბრალდებული იყო ჯგუფურ ძალადობაში.
რაც შეეხება აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტსა და USAID-ს, ამ ორგანიზაციების დასახელება ნახსენებია ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებში საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ–დეკემბერში არეულობების მზადების შესახებ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. სუსის ინფორმაციით, არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სუსი აცხადებს, რომ საქართველოში 25 სექტემბერს USAID-ის მოწვევით ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოსული სერბი მოქალაქეების ნამდვილი მიზანია კავშირის დამყარება ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც საქართველოში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ქვეყანაში USAID-ის პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან უკვე ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და რომ სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ამჯერად CANVAS-თან თანამშრომლობა ითვალისწინებდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ადვოკატირებაში.