„გაუხმება ენა“: „ქართულმა ოცნებამ“ მურმან დუმბაძის განცხადება დაგმო

მმართველი პარტიის გენმდივანი ასპროცენტიან გარანტიას იძლევა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დაგმეს ყოფილი თანამებრძოლის და ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის მურმან დუმბაძის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
დუმბაძე მმართველი პარტიის რიგებიდან რამდენიმე წლის წინ გარიცხეს, ახლა ის ირიცხება პოლიტიკურ გაერთიანებაში „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“. დუმბაძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. მისი თქმით, თუ საქართველო მიიღებს სტატუსს, ეს „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას 2030 წლამდე გახანგრძლივებს, რაც „კატასტროფა იქნება“.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ყველაფერი იქნა შესრულებული და გაკეთებული, უბრალოდ, არანაირი არგუმენტი არ რჩება, რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენმდივანმა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თავად დუმბაძის განცხადების შეფასებას, თბილისის მერის თქმით, ის რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება.
დუმბაძის სიტყვები არ გაჰკვირვებია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს გურამ მაჭარაშვილს. მისი თქმით, დუმბაძემ ლაკონურად თქვა ის, რასაც სხვა ოპოზიციონერები დიდი ხანია საუბრობენ.
„სამწუხაროდ, ის, რაც მურმან დუმბაძემ თქვა, ეს არ არის ახალი. ოპოზიციის ბევრ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი არის მიუღებელი. უბრალოდ, მურმან დუმბაძემ ეს უფრო ლაკონურად თქვა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივულოცავთ - „ხალხის ძალა" >>
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მოუწოდა დუმბაძეს, იყოს ფრთხილი გამონათქვამებში, რადგან მისმა დღევანდელმა თანამოაზრეებმა შეიძლება ის „გვერდზე გაწიონ“.

„მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა „ხუთიანის“ შემომხაზავს გაუხმება ხელიო, ახლა ყველას, კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ მთქმელს გაუხმება ენა და ამიტომ ცოტა ფრთხილად იყოს, ცოტა ხანში მისიანებმა არ თქვან, ეს ჩვენიანი არ არისო და გვერდზე გაწიონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მურმან დუმბაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, აქტიურად მიეცათ ხმა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაწყვეტდა „ხუთიანის“ შემოხაზვას (იმ დროს მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო - რედ.), მაშინ დუმბაძემ ამ ხალხს მარჯვენა ხელის „გახმობით“ აშინებდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები იმედოვნებენ, რომ პარტია ძალაუფლებას მინიმუმ 2030 წლამდე შეინარჩუნებს. მათი პროგნოზით, 2030 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება 12,5 ათასი დოლარი, რაც ნიშნავს საქართველოში სიღარიბის ან სრულ აღმოფხვრას, ან სიღარიბის დონის მინიმუმამდე დაყვანას.