კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ ათასამდე ბავშვი გახდა

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში რიგით 68-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული კიდევ 883 ბავშვი გახდა. ამ დროისათვის პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
ნათლისღების ცერემონია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შესრულდა, უწმინდესმა მღვდელმთავრებთან ერთად დალოცა ნათლულები.
„ძალიან დიდი ბედნიერების განცდაა, რომ უყურებ ამ ბავშვების ნათლობას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ბავშვები წლების მერე გაიზრდებიან და საოცარი ურთიერთობა და მეგობრობა ექნებათ, რაც დღეს ჩვენ გვაკლია ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.