თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სათხილამურო კურორტი გუდაური 2023-2024 წლების ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება - დამსვენებლებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი მოემსახურება, იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.
საბაგიროები იქნება ექვადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ე.წ. „ბაბლი“, 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა - 1800-2400 ადამიანი საათში. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია Doppelmayer ახორციელებს.
„ვიზიტორთა მზარდი ოდენობისა და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ახალ გუდაურში, სავარძლის ტიპის 2 ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტის სერვისებს, რომელიც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებასა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“, - განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.
მისი თქმით, საბაგიროების არეალები განსაზღვრულია გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც კანადური კომპანია Ecodesign-ის მიერ არის შემუშავებული. რაც შეეხება სასრიალო არეალს, არსებული 70 კმ ტრასას დაემატება 6 კილომეტრი, რაც ვიზიტორებისთვის სრულიად ახალ სასრიალო სივრცეს შექმნის.
სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ წარმატებით უმასპინძლა „ბაკურიანი 2023-ს“ და მსოფლიო სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა.
2023 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ გუდაური და ბაკურიანი ზამთრის სპორტის სახეობების საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIS) მიიღო.
2023–2024 წლების ზამთრის სეზონში ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში. გუდაური და ბაკურიანი, როგორც მსოფლიო თასის მასპინძლები, FIS-ის კალენდარში უკვე აღნიშნულია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი უმნიშვნელოვანესია როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.