პაპუაშვილი: საქართველოს ეკონომიკამ ევროკავშირის მინიმალურ დონეს მიაღწია

საქართველოში რეკორდული ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ლიდერია, ქვეყანამ გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის მინიმალურ დონეს უკვე მიაღწია, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია“, - დაწერა პაპუაშვილმა.
2028 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს აჩვენებს, აღნიშნა მან.
„ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველომ უკვე მიაღწია ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო „შესვლის მინიმალურ დონეს“. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, საქართველო 2028 წლისთვის ევროკავშირის ასპირანტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა თავის პოსტს დაურთო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს დიაგრამა, რომლის თანახმადაც საქართველო უსწრებს ალბანეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიას, მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვნად ჩამორჩება თურქეთს, მონტენეგროს და სერბეთს.
სსფ-ის პროგნოზით, 2028 წლისთვის საქართველოს მშპ იქნება 29%-ით ნაკლები სერბეთის მშპ-ზე და 19,5%-ით ნაკლები თურქეთის მშპ-ზე.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება, ევროკავშირში გაწევრიანებამდეც“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის სპიკერის თქმით, საქართველო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხს სერიოზულად ეკიდება, რადგან ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, უკეთეს ინფრასტრუქტურას და მეტ ეკონომიკურ სიკეთეს საქართველოს მოქალაქეებისთვის; ასევე ეკონომიკური სიძლიერე აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და გადამწყვეტი ფაქტორია გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
როგორ გაუმკლავდა გამოწვევებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი - მინისტრის პასუხი >>
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. 2023 წლის იანვარი–აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7% შეადგინა.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.